Monday, January 12, 2009

12 Январь 2009 г.

ორი ბილეთი ევროპამდე და უკან

ორი ბილეთი ევროპამდე და უკან
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირგვლივ განლაგებული ყველა ხმის გამაძლიერებლიდან გვატყობინებენ, რომ ჩვენი თვითმფრინავი ბაზელის მიმართულებით ორმოცდაათიოდე წუთში გაფრინდება. უკვე რეგისტრაცია გავლილები, პირველსავე შემხვედრ სკამზე ვეხეთქებით, მოხმარებულ საბუთებს უკან, ჩანთებში ვინახავთ და სრულიად კმაყოფილები, ერთმანეთს გადავხედავთ.მალევე შევამჩნიე, რომ ორივეს ერთი უჩვეულო და ცოტათი სასაცილო რამ გვჭირდა. ყოველ ორ წუთში, ჩვენ-ჩვენი ზურგჩანთის ჯიბეებს ისტერიულად ვხსნიდით და შეშლილი სახით ვამოწმებდით უკვე ბარე 20-ჯერ შემოწმებულ ბილეთებს. ვფიქრობ, მთლად რთულად გასაშიფრი მომენტი არც ყოფილა. ჩემი მარტივი და სრულიად არაპრეტენზიული ფსიქოლოგიური დასკვნა იყო, რომ ორივეს საშინლად მიგვეჩქარებოდა იქ, შუაგულ ევროპაში. ვჩქარობდით იმდენად, რომ ეს წვრილმანი ქცევები უკვე სისულელეში გადაგვეზარდა და ამას ვერც კი ვამჩნევდით. ამის გამოვლინება იყო ზუსტად ის, რომ კუთვნილ ბილეთს ასე ვუფრთხილდებოდით. მგონი ერთმანეთზე მეტადაც კი.ეს 50 წუთიც, როგორც ასეთ მომენტებში ხდება, საშინლად გაიწელა და თან ჩვენი მოუთმენლობაც მოიცვა. ბოლოს კი, როცა ჩასხდომის ნიშანი მოგვცეს, ხელჩაკიდებულები ტრაპისაკენ გავეშურეთ. ცალი ხელით ერთმანეთს ვებღაუჭებოდით, მეორეთი ბილეთებს...
***
ისე, რომ გეგმაში არც კი მქონია, თვითმფრინავში ჩამეძინა. როცა გამოვფხიზლდი, მას მუხლებზე რუქა ჰქონდა გადაშლილი და ბაზელის თეორიულად ათვისებას ცდილობდა. მისი რუქის მინაწერებზევე ამოვიკითხეთ, რომ ოფიციალურად მასპინძლობას 7 მილიონი შვეიცარიელი გაგვიწევდა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია და რომ იმდენად ბევრ ენას ფლობენ, თავისუფლად შეგიძლია მათთან საუბარი საოცრად მრავალფეროვნად წარმართო. ასეა, მეტყველებენ გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და თვით რეტორომანულ (!!!) ენებზე (მერე რა, რომ ჩვენ მას არ ვფლობთ). ამას დავუმატოთ ის დეტალებიც, რაც ამ რუქის მიღმა და მის დაუხმარებლადაც საერთო ძალებით ვიცოდით. მაგალითად ის, რომ სულერთი იყო, ველოსიპედს ვიყიდდით იქ, თუ სენდვიჩებს მივირთმევდით, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ფული ევროებში უნდა დაგვეხარჯა...
***
ამ ევროებზე გამახსენდა მთავარიც, უკვე ოთხი წელია, სრულიად საფეხბურთო ევროპა, შიდა მასშტაბის ჩემპიონატს ელის. ჰო, 2008 წლის 7 ივნისის თბილ საღამოს, ადგილობრივი დროით (რომელსაც ახლა უკვე ყველა ევროპელი დაემორჩილება) 18:00 საათზე, მატჩის მთავარი არბიტრი თავის სასტვენით მთელ ევროპას (და არა მარტო მას) აუწყებს, რომ დაიწყო!!!დაიწყო ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში დიდი ენთუზიაზმით გვიმზადებდნენ ავსტრიელები და შვეიცარიელები, რასაც ერთნაირად ელოდა ფრანგი და ესპანელი, თურქი და პოლონელი...ეს ყველაფერი შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, სენტ იაკობ-პარკზე მოხდება. სწორედ იქ, სადაც ასე მივიჩქარით ახლა ჩვენ ორნი, ჩვენი ორი ბილეთით...
***
“გთხოვთ მოემზადოთ, რამოდენიმე წუთში განვახორციელებთ დაჯდომას. შვეიცარიაში ახლა 12 საათი და 17 წუთია. ქალაქ ბაზელში ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე თბება” – ჰამბურგერის მოზრდილი ლუკმა და მომსახურე პერსონალის ერთ-ერთი წევრის სასიამოვნო ხმის ტემბრი...
***
ჩავედით... მგონი სტიუარდესამ აშკარად გადააჭარბა. ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ ადგილზე 22 გრადუსი იყო. ცოტათი შემცივდა კიდეც...ქალაქი ადგილობრივებითა და ათასი რჯულის ტურისტითაა სავსე. სულერთია მარკეტში შეიხედავ, თუ მეტროში ჩახვალ, ყველგან ზეიმია, ყველგან გვცემს ევროპული ფეხბურთისა და მენტალიტეტის სუნი.დაბნეული ქართული ნაბიჯები ნეიტრალურ ქალაქში, სრულიად არანეიტრალური პოსტერები და სხვათა დახმარებით მიგნებული ვიწრო დერეფნიანი სასტუმრო. მის დანახვაზე ასოციაციად მოვლენილი ჩვენებური ფარდულები და ისევ ქუჩაში გამავალი კიბე. გაჭირვებით დაძლეული მისი საფეხურები და ტაქსი თავის მძღოლიანად, რომლებიც სრულიად არ გაუფრთხილდნენ ჩვენს კუთვნილ ევრო კუპიურებს და ისინი საკუთარ მხარეს გადაიბირეს.ეგ არაფერი, ნამდვილად ღირს ამად – მალე იწყება..!
***
მაღვიძარას გულისგამაწვრილებელი ზმუილი ჩამესმის და ვერაფრით ვერ ვხვდები საიდან მოდის ეს ხმა. მალე ამ ხმას, “მისი” ხმაც დაერთო და ახლა უკვე ორნი, საერთო ძალებით ცდილობენ გამაღვიძონ. ჩამყვირის, რომ ლექციაზე მაგვიანდება.
თვალს ვახელ და სასწრაფო წესით ვცდილობ გავერკვე რა ხდება. “მის” ოთახში ვწევარ მაშინ, როცა მალე ტრიბუნაზე უნდა მოვკალათებულიყავით. ან/და რა დროს ლექციაა, როცა უკვე ფეხბურთელები გასახდელიდან გამოსასვლელად ემზადებოდნენ?!
***
... სამართლიანი წუწუნით ვდგები, ზარმაც და ახლადგახელილ წამწამებს მიღმა აღმოჩენილ რეალობას ვიაზრებ, ევროპულ ქვაფენილს, ქუჩებსა და მოლოდინებს ვეთხოვები...თბილად ვიცმევ, თავზე კეპს წამოვიხურავ, კალამს ხელს დავავლებ და ზამთრის ქუჩაში გავდივარ. გაყინულ ხელებს ჯინსის ჯიბეებში ვმალავ, ხოლო სპირალზე აგებულ ბლოკნოტსა და ევრო სიზმარს, იღლიაში ამოვიჩრი... ავტორი: გოგლი–მოგლი

1 comment:

Alexander said...

გოგლი–მოგლი, ძალიან კარგია, რომ შენთანაც გამოაქვეყნე. ჩემს ბლოგზეც იყოს, პრობლემა არაა. თუ რამეს დაწერ და გენდომება, რომ ჩემტანაც გამოვაქვეყნო, პრობლემა არასდროს არ იქნება. ქართულად თუ გინდა დადო ხოლმე შენს ბლოგზე შედი www.convert.ge და აქ შეგიძლია მოახდინო შრიფტების კონვერტაცია ისე, რომ შენს ნაწერს შენდ ბლოგზე თვითონვე ქართულად გამოაქვეყნებ.
ახლა თვითონ ნაწარმოებს რაც შეეხება. შენ რა თქმა უნდა ამიხსენი, რომ ეს ორ გეი ადამიანზეა ლაპარაკი, რომ ისინი მიფრინავენ შვეიცარიაში. მაგრამ სხვა მკითხველებისთვის შეიძლება ცოტა, სულ ცოტა გაუგებარი იყოს, ამიტომ სხვა დროს რამენაირად დააკონკრეტე, თუნდაც მინიშნებით, თუმცა რა თქმა უნდა ავტორი შენ ხარ და რასაც უკეთ ხედავ იმას დაწერ. მოკლედ მზად ვარ ყოველთვის დაგეხმარო რაშიც დაგჭირდება :):):)